ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმა

ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმა

ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობაზე ისაუბრა ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ, პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლით
სხდომაზე.
სხდომის დღის წესრიგის მთავარ საკითხს წარმოადგენდა – „ენერგეტიკის სექტორში
საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გაფორმებული ასოცირების
შეთანხმებითა და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან
შეერთებით აღებული ვალდებულებების შესრულება და მდგომარეობა 2022 წლისთვის
„.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში აქამდე არ
განხორციელებულა მსგავსი მასშტაბის რეფორმა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის
მიმდინარე რეფორმა ითვალისწინებს ბაზრის არსებული მოდელის თვისებრივ
ცვლილებას როგორც საბითუმო, ასევე საცალო დონეზე. მისივე ინფორმაციით, ამ
რეფორმის შედეგად, ეტაპობრივად მოხდება ელექტრონერგეტიკულ ბაზარზე
კონკურენციის განვითარება, ბაზრის ეტაპობრივი გახსნის გზით.
რომეო მიქაუტაძემ ასევე აღნიშნა, რომ რეფორმის თანახმად, უნდა ჩამოყალიბდეს
ბაზრის ისეთი მოდელი, რომელიც სწორ საფასო სიგნალებს მისცემს როგორც
გენერაციის ინვესტორებს, ასევე მომხმარებლებს.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედება 2022 წლის 1-ელ
სექტემბერსა არის დაგეგმილი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მსგავსი სიახლეები